logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსები მზად არ არიან ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად

08 ოქტ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა თავისი საზოგადოების მომზადება დაიწყო ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის, მაგრამ მისი თქმით, რუსეთი მზად არ არის ამის გასაკეთებლად.

"ისინი თავიანთი საზოგადოების მომზადებას იწყებენ. ეს ძალიან საშიშია. ისინი მზად არ არიან ამის გასაკეთებლად, გამოსაყენებლად, მაგრამ კომუნიკაციას იწყებენ. მათ არ იციან გამოიყენებენ თუ არა. ვფიქრობ, ამაზე საუბარიც კი საშიშია," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ახლა საჭიროა ქმედება, რადგან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მთელ პლანეტას რისკს უქმნის. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა უკვე გადადგა ნაბიჯი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გზით, სადაც 500-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, მაგრამ უკრაინული პერსონალი კვლავ მუშაობს.

"მსოფლიოს შეუძლია სასწრაფოდ შეაჩეროს რუსი ოკუპანტების ქმედებები. ამ შემთხვევაში, მსოფლიოს შეუძლია სანქციების პაკეტი შეიმუშავოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მათ ატომური ელექტროსადგური დატოვონ," - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.


close დახურვა