logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთი ხერსონში ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს

21 ოქტ 202201:38
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, რუსეთი ხერსონში ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთი ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს.

ასევე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დანაღმეს კახოვკას ელექტროსადგური და წყალსაცავი. ზელენსკის თქმით, ისინი ტერორისტულ თავდასხმას და ამის უკრაინისთვის დაბრალებას აპირებენ.

რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნულმა ე.წ ადმინისტრაციამ გუშინ, უკრაინის მხრიდან საფრთხის საბაბით ხერსონიდან ევაკუაცია გამოაცხადა. რუსეთი და მარიონეტული ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუაციის მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა, ვინაიდან, მათი თქმით, უკრაინა კახოვკას ელექტროსადგურზე თავდასხმას გეგმავს, რაც ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა,  მიიღონ პრევენციული ზომები და ოკუპანტებს ცხადად უთხრან, რომ ამგვარი ტერაქტი მასობრივი ნგრევის იარაღის გამოყენებას გაუტოლდება, რასაც რუსეთისთვის "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".

„ჩვენ ახლა ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, ყველა მსოფლიო ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ცხადად უნდა ვუთხრათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმა იმავეს ნიშნავს, რასაც მასობრივი ნგრევის იარაღის გამოყენება. რუსეთისთვის შედეგები შესაბამისი უნდა იყოს.

მსოფლიომ პრევენციული მეთოდებს უნდა მიმართოს. ესაა მთავარი ახლა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე პრევენციული პასუხის პრინციპი საბოლოოდ უნდა იქცეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ბაზისურ პრინციპად“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დაგეგმილი კახოვკას სადგურზე თავდასხმით, შესაძლოა, ოკუპანტებმა გაანადგურონ მათ შორის დნეპრიდან ყირიმისთვის წყლის მიწოდების შესაძლებლობაც.

ზელენსკის თქმით, ამგვარი ტერაქტის დაგეგმვა ცხადჰყოფს, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის შენარჩუნებაც არ შეუძლია.

„ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება თუ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური განადგურდება. და თუ რუსეთი ამგვარ ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს, ის სერიოზულად განიხილავს ამ სცენარს, მაშინ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ტერორისტებმა ცხადად იციან, რომ მათ არა მხოლოდ ხერსონის, არამედ ქვეყნის მთელი სამხრეთ ნაწილის, მათ შორის ყირიმის შენარჩუნებაც არ შეუძლიათ“ - განცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დანაღმეს კახოვსკაიას ელექტროსადგური და წყალსაცავი. ზელენსკის თქმით, ისინი ტერორისტულ თავდასხმას და ამის უკრაინისთვის დაბრალებას აპირებს.

ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ"

მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.

„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.

ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.

უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.


close დახურვა