logo
ENG



ზოდელავა შოთაძის დანიშვნაზე: ფარცხალაძე გავლენების დაბრუნებას ითხოვს

18 თებ 202008:22
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიული კომიტეტის მიერ ირაკლი შოთაძის მიმართ მხარდაჭერას ოპოზიცია კრიტიკულად ეხმაურება. ოპოზიციაში თანამდებობაზე შოთაძის მეორედ დაბრუნებას საზოგადოების შეურაცხყოფად აფასებენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, შოთაძის დანიშვნაზე შეურაცხმყოფელი, ივანიშვილის მიერ ხალხისადმი არსებული დამოკიდებულებაა. 

„შოთაძის პარლამენტში ხელახლა შემოტანა პირველ რიგში საზოგადოების შეურაცხყოფაა. აქ ოპოზიციის დევნაში კი არაა საქმე, არამედ მაგალითად, შოთაძეს უკავშირდება ე.წ ხორავას ქუჩის საქმის ჩაფარცხვა, როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა. აქ არა იმდენად შოთაძის პიროვნებაშია საქმე, არამედ ივანიშვილის დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, - აცხადებს კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მურთაზ ზოდელავას კი მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და სწორედ ამას ემსახურება შოთაძის დანიშვნაც.

„შოთაძე ფარცხალაძის დაჯგუფების წევრია. მაშინ, როდესაც ღარიბაშვილმა გავლენები მოიბრუნა, მთავრობის წევრი გახდა, გახარია დაწინაურდა, ფარცხალაძეც ითხოვს თავისი გავლენების დაბრუნებას, ეს ბუნებრივია. ყველა დაჯგუფება არის ივანიშვილის დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებელნი. ყველანი ფლობენ ივანიშვილის საწინააღმდეგო ინფორმაციას და შესაძლოა, მოითხოვონ ესა თუ ის პოზიცია“, - განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

სწორედ შოთაძის არჩევას გააპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პარლამენტის პიკეტირებასა და პერფორმანსების გამართვას აპირებენ. 


close დახურვა