logo
ENG



ზოიძე: ხუნდაძის ადამიანურად მესმის, მაგრამ მგონია, რომ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ

12 ნოე 201920:51
3 წუთის საკითხავი
 
4rn54xvnah77f0w.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი დიმიტრი ხუნდაძე არასდროს უჭერდა მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. 

ზოიძის განცხადებით, მას ხუნდაძის ადამიანურად ესმის, მაგრამ იმედი აქვს, რომ პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს დაუჭერს. 

„დიმიტრი ხუნდაძეს არასდროს დაუმალავს, რომ არ ემხრობოდა ამ ცვლილებას. უბრალოდ, ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მათ დასარწმუნებლად პარტიის თავმჯდომარიდან დაწყებული მისი კოლეგებიდან დამთავრებული, რომლებიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ვუჭერდით მხარს და მიგვაჩნია, რომ ეს ამ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ხელების გადაგრეხვა არ ყოფილა, არამედ არგუმენტებით საუბარი იყო. ამ საუბარში ყველა შევთანხმდით, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ხვალაც იგივეს დაადასტურებს. მიუხედავად იმისა, რასაც ჩვენი ოპონენტები კადრულობენ და ადამიანურად მესმის ბატონი დიმიტრის გაბრაზების, მგონია, რომ ხვალ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება.


close დახურვა