საპარლამენტო ოპოზიციას გარდა, მმართველი გუნდის შეთავაზება კატეგორიულად მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მამუკა მდინარაძის განცხადება, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაზეა გათვლილი, რეალურად კი მმართველ ძალას არანაირი დიალოგის სურვილი არ აქვს.
„ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის შეეშინდა და ახლა ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ვითომ დიალოგის გაგრძელება სურს“ - ასე აღიქვეს გაერთიანებულ ოპოზიციაში დღეს მამუკა მდინარაძის შეთავაზება. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების პოზიცია კატეგორიულია. მათ მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას დიალოგის გაგრძელება არ სურს, მათი სურვილია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მოქმედი სისტემით და მიზანმიმართულად მიმართავს დესტრუქციულ მეთოდებს.
„საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება გასაგებია. გასაგებია, რომ ნორმალური პროცესი იქნებოდა მოლაპარაკებების გაგრძელება მაგრამ ამ რეალობაში, როდესაც აკავებენ პოლიტიკურ ლიდერს მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელია. ოცნება ცდილობს საერთშორისო პარტნიორებს დაანახოს თითქოს ისინი შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ არ გამოვა შეუძლებელია ეს ამბავი“, - განმარტავს პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად დასავლელი პარტნიორების მოწოდებისა შეწყდეს პოლიტიკური დაკავებები, ოცნება ოპოზიციის მოტყუებას და ისეთი საარჩევნო ვარიანტის შეთავაზებას ცდილობს, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს საარჩევნო სისტემას.
„როდესაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს ოცნებას, რომ პოლიტიკური დაკავებები შეწყვიტოს და მოინახოს ოპოზიციასთან რაღაც შეთანხმება, ამ დროს ხელისუფლება ჭკუაში გატყუებს და გთავაზობს ისეთ ვარიანტს, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს საარჩევნო ვარიანტს. რა თქმა უნდა ამ წინადადებას სერიოზულად არ განვიხილავთ“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.