logo
ENG



ზურაბიშვილი: დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე - გადარჩენის

27 აგვ 202417:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/s05curptbwbwjks.jpg

დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ, საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი, რაც, რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონკურენცია, არ მექნებოდა არაფერი სათქმელი. 

უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფთხეს, სამაგიეროდ მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა. 

უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა, თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა, წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება, თუ მრავალპარტიული ხელისუფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა, სხვისი აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია, ხილული იქნება ეს თუ უხილავი. 

იშვიათად თუ ჰქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტოს მშვიდად, გარკვეულად, ომისა და დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვით. 

სწორედ იმიტომ, რომ ომი არ გვინდა და არც შიდა დაპირისპირება, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი, გამოვხატოთ ხალხის ნება ისე ღიად და ნათლად, რომ ვერავინ სცადოს, ამ ნების წინააღმდეგ წასვლა. ეს მოითხოვს ჩვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით მოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას. 


close დახურვა