საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 15 ნოემბერს პოლონეთში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს და პოლონეთის მთავრობას სოლიდარობას უცხადებს.
"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!", - წერს ზურაბიშვილი.
***
პოლონეთის ტერიტორიაზე, 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".
შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".
პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".
პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა.
მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები.
ახლა მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უნდა გაირკვას დეტალები, თუ რა მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რაკეტები რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული.
გამოცემა Associated Press სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა რუსული რაკეტა ჩამოეგდოთ.
AP-ის თქმით, რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს მოახლოებულ რუსულ რაკეტას ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური თავდასხმის დროს, რომელიც წინა დღეს განხორციელდა.