საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას თანადგომას უცხადებს.
"ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.
მათგან განუყოფლად მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.
მინდა იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. გაგრაში ცეცხლი მიუახლოვდა სანატორიუმ მოსკოვს.
მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს.