პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა 12 რეკომენდაციის შესრულება და ამბობს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულად გამართლებულია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად მიმაჩნია, რომ სესია სრულად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას ოპოზიციასა და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ერთად ყოფნით გადაწყვეტილი იყოს", - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა.
პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სესიის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.
13 ივლისის მიმართვაში, რომელსაც ხელს ენმ, ლელო, რესპუბლიკური პარტია, საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი და დამოუკიდებელი დეპუტატები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ სხდომა შემდეგი დღის წესრიგით უნდა წარიმართოს:
-
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92)
-
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71)
-
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96)
-
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106)