logo
ENG



ზურაბიშვილი: უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში

18 სექ 202215:50
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ იზიუმში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და გმობს მას. 

"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს #იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini". - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე

უკრაინის არმიან იზიუმი რუსებისგან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა.

15 სექტემბერს ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული. 

ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.

ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკივის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. მისივე თქმით, სამარხში აღმოაჩინეს ბავშვების ცხედრებიც.


close დახურვა