logo
ENG



ზურაბიშვილი:თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს არსებული გეზის შესაცვლელად, ეს შედეგი ვერ იქნება

04 მარ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში", - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის წლიურ მოხსენებაში ოკუპაციის საკითხს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა თანამემამულეებმა უკეთესი მომავალი დასავლეთში ინტეგრაციაში უნდა დაინახონ. პრეზიდენტისვე თქმით, ის მიესლამება რუსეთის მხრიდან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლო სურვილს, თუმცა ეს უნდა ემყარებოდეს მისი მხრიდან საქართველოს არჩევანის პატივისცემას და დეოკუპაციას.

„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით  - უნდა მოვემზადოთ საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის. აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში, რომელიც გზას გაუხსნის მათ ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ; გზას თვითმყოფადობის გამაყრებისკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება. თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს საქართველოს არჩეული გეზიდან გადასაყვანად და იმისთვის, რომ მიზანზე უარი ათქმევინოს - ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას, მოითხოვს დეესკალაციას, მოითხოვს დეოკუპაციას. ჩვენ გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც - ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს, არც გარიგებას. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობას და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას - რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას", - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი გამოახმაურა მცოცავ ოკუპაციასაც და განაცხადა, რომ არ შეიძლება მავთულხლართების ყოველი გადმოწევა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მისივე თქმით, არასათანადო რეაგირებაში ერთმანეთისთვის ბრალის დადება არასწორია.

"როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა მიზნად ისახავს მხოლოდ ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება ოკუპაციის საკითხი გამოყენებულ იქნეს ვიწრო შიდაპოლიტიკური ინტერესებისთვის. არ შეიძლება ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში. ყველა  ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მსგავსი პრობლემა დგას, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მიზნის გარშემო ერთიანდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მის მოხსენებას არ დაესწრნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან, მათი განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმის დარღვევას „ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტის“ გამო არ მიიჩნევენ სწორ საქციელად.


close დახურვა