logo
ENG



ზურაბიშვილი დავითგარეჯზე: სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით

06 თებ 202118:18
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა დავითგარეჯის საქმეზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გადაწყდა, საზღვრის საკითხი პრეზიდენტების დონეზე მოგვარებულიყო. 

პრეზიდენტმა იმედის ეთერში თქვა: 

"ვერ ჩავერევი იმ საქმეში, ჯერაც პროცესი მიმდინარეობს [კარტოგრაფების საქმე], მაგრამ ჩემი მინისტრობის (და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე) დროს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო შეუთანხმებელი მონაკვეთი. იმდენად შეუთანხმებელი, რომ ჩვენ, მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე". 

როგორც ზურაბიშვილი იხსენებს, მინისტრობის დროს მან დასვა დელიმიტაციის საკითხი. 

"მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია - იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე. 

როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია - რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე - დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო". - თქვა მან. 

ზურაბიშვილი კარტოგრაფების საქმეს შეეხო და აღნიშნა, რომ უკვირს, როცა "ზოგიერთები დაჟინებით იძახიან, რომ გარეჯი ჩვენი ტერიტორია არ არის". 

"არსად არ გამიგია, რომ ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი, იჩემებს, რომ ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის. ამით ვარ გაოცებული". - თქვა მან. 

საქმე ივერი მელაშვილის განცხადებას ეხება, როცა ციხიდან გათავისყფლების შემდეგ მან ტვ პირველის ეთერში მან თქვა: "როცა ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს მონაკვეთი შენია - როგორ არის შენი, როცა არ არის შენი". რასაც მოჰყვებოდა მისივე განმარტება, რომ მოლაპარაკების დროს ხისტი მოთხოვნები პროცესს აზიანებს და საჭიროა თანმიმდევრულად მუშაობა. თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების და მხარდამჭერების მხრიდან მელაშვილის ამ განცხადებას მასზე თავდასხმები მოჰყვა

რაც შეეხება პრეზიდენტის საკითხს - პროკურატურამ კარტოგრაფების საქმიდან გამოყო დავითგარეჯის საქმე,  რომელიც მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებას ეხება. საქმეზე მოწმეებად დაიბარეს ჯონდი ბაღათურია და დიმიტრო ლორთქიფანიძე. ისინი ამტკიცებენ, რომ დავითგარეჯი აზერბაიჯანს სააკაშვილმა გადასცა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.


close დახურვა