საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბადრი ესებუას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ერთი ადამიანის დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა მიუღებელია, მით უფრო ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ნატოსკენ ისწრაფვის.
ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მიუთითა, რომ მისი მოვალეობა იმ სტრუქტურის და პიროვნებების დაცვაა, რომელზეც საქართველოს მომავალი დგას.
"მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!", - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც 21 სექტემბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ და დაგმო "სამართალდამცველების პროფესიონალიზმის შესახებ დამამცირებელ შეფასებები, ვინაიდან ეს საბოლოოდ ხელს უშლის ქვეყნის შიდა სტაბილურობას".
ბადრი ესებუა, რომელსაც ბრალად 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე ტერორისტული თავდასხმა ედება, წარსულში სამხედრო ძალებში მსახურობდა.
21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ყუმბარით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს, აიყვანა მძევლები, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული.