შეცვლის თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას - ამ საკითზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები განცხადებას აკეთებენ და ამბობენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს.
„ლეიბორისტული“ პარტიის წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, გახარიას ცვლილებით ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება.
„მარიონეტების თამაში თეატრში, რომელსაც ივანიშვილი ეწევა. ერთი მარიონეტის, ერთი თოჯინის მეორეთი ჩანაცვლება ჩვენს ქვეყანას ვერ შეცვლის. ეს ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, მართლმსაჯულებას არაფერს მოუტანს. მათ სისხლიანი გახარია უნდათ შედარებით უსახური პირით ჩაანაცვლონ. თუმცა, მთავარი დასამარცხებელი ქვეყანაში ივანიშვილია, რომელიც ფარულად მართავს ამ მარიონეტებს. თავის მარიონეტებს ჩავაწყობთ ყუთში და გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში“, - განაცხადა გუგავამ.
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ლილუაშვილის დანიშვნით, ქვეყანაში „კაგებეშნიკების“ მმართველობა დამყარდება.
„ლილუაშვილი ეს არის სუს-ი. პრაქტიკულად, ჩვენ გვექნება სუს-ის საქართველო და მივიღებთ გასუსულ სახელმწიფოს. ლილუაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ლილუაშვილი არის საბჭოთა კავშირის უშიშროების მუშაკი მთელი თავისი მენტალობით. ჩვენ გვექნება „კაგებეშნიკების“ მმართველობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცლოს.