logo
ENG



ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ის გერმანიაში უკვე გაემგზავრა

15 თებ 202419:04
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ის გერმანიაში უკვე გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.

პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.

ადმინისტრაციის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე "უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი" და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. 

არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.

სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


close დახურვა