პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების და უშუალოდ პრემიერმინისტრის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ეს მიუღებელია".
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, [მსგავსი რიტორიკა] ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი გამოწვევაა.
"უკვე ვთქვი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს. მაშინვე ვრცელდება ევროკავშირში, რადგან ყველა არის ყურადღებით ჩვენს მიმართ, თუნდაც ქართულად იყოს ნათქვამი - უკვე ძალიან კარგად ესმით ყველაფერი.
რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები, იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები", - თქვა მან მედიასთან შეხვედრის დროს.
გარდა ამისა, Netgazeti-ის ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, პრეზიდენტის პოზიციით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შესაძლებლობას განიხილავს: "ვეტო" - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
***
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ პლენარულ სხდომაზე "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე ალაპარაკდა. პარლამენტის ტრიბუნიდან მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივი გააგრძელა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე დებატები გაიხსნას.