საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, არ უნდა, რომ "ექსპრეზიდენტი ციხეში მოკვდეს". ჟურნალისტი მას შეწყალების მექანიზმის შესახებ ესაუბრა და ჰკითხა, რატომ არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს.
"მე ეს ძალაუფლება არ მაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ - ასეთია საქართველოს კანონმდებლობა, რომ შეწყალება ჩაერთვება მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია", - განაცხადა მან.
კითხვაზე, დასრულების შემდეგ თუ გამოიყენებს ამ მექანიზმს, რათა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს სხვა საკითხია - მისი თქმით, არაერთხელ განუმარტავს, რომ ეს პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"საქართველოში არ არის ერთი ოჯახიც კი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავდა მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი. ამიტომ, არ მინდა მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი გავხდე, თუმცა მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური - არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიადგეს გამოუსწორებელი შედეგები, ამიტომ მე ძალიან ახლოდან ვაკვირდები სამედიცინო ფაქტორს, ველოდი, რომ დღეს იქნებოდა საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ახალი დასკვნა, თუმცა ჯერ არ გამოსულა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სააკაშვილი სამედიცინო გამოკვლევების მიზნით, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ, თუმცა მისი თქმით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.