logo
ENG



ზურაბიშვილი საქართველოზე: არის აღიარებული როგორც ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა

21 იან 202115:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის ისტორიისთვის დიდი მიღწევა, რადგან საქართველო აღიარებულია როგორც მსხვერპლი. პრეზიდენტის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საყრდენი, რაზეც საქართველოს მომავალი უნდა აშენდეს.

ამავდროულად, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის, რადგან ეს მოხდა ქვეყნის ოკუპაციის 100 წლის თავზე, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისა და 2008 წლის ომიდან 12 წლის გასვლის შემდეგ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული. სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის. იმიტომ, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება", - აცხადებს ზურაბიშვილი.

მან ვიდეომიმართვის ბოლოს მადლობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს გადაუხადა.

"მე მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გაამრჯვებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლს 6 აგვისტოს განაცხადა, რომ მართალია, ზოგადად, რუსეთი საქართველოს მტერია და ომიც მისი დაწყებულია, მაგრამ კონკრეტულად 2008 წელს, საქართველო აყვა პროვოკაციებს, საომარი ვითარების ეს ნაწილი დაიწყო და საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, რისი უფლებაც ხელისუფლებას არ ჰქონდა. 

ორ დღეში, 8 აგვისტოს ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, კერძოდ, მისი თქმით, საქართველო გაფრთხილებული იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ სამხედრო ქმედება არ განეხორციელებიან. ზურაბიშვილის თქმით, იმ მომენტისთვის საქართველოს სუსტი პოზიციები ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ საქართველოსთვის წინასწარ შეაგებელ სარჩელში საუბარია "გენოციდზე". კერძოდ, რუსეთი "საქართველოს" გენოციდში ადანაშაულებს. სარჩელში ერთერთ არგუმენტად რუსულ მხარეს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, "La tragédie géorgienne 2003-2008" მოყვანილი ციტატებიც აქვს. კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით ზურაბიშვილი საკუთარ წიგნში 2004 წლის მოვლენებს აღწერს და ამბობს, რომ ცხინვალის წინააღმდეგ შეტევას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწვანე შუქი აუნთო.

ამავე სარჩელში ზურაბიშვილის კიდევ ერთი ციტატაა მოყვანილი, რომელშიც ვკითხულობთ:

"2007 წლიდან ერთი შეხედვით ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემცველი თავდასხმებისაგან ტერიტორიის დაცვისაკენ მიმართული თავდაცვის პოლიტიკის უკან შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა დააყენეს, რომელიც სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებით რეინტეგრაციას  უფრო პასუხობდა", - წერია სარჩელში.

რუსული მხარის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხედვით, ზურაბიშვილის წიგნის მიხედვით, 2007 წლის მეორე და 2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სამხედრო ძალების მობილიზება აღინიშნებოდა.

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

დღეს, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.


close დახურვა