საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტები, რომლებიც მისი შეფასებით შეზღუდავს არასამთავრობოების თავისუფლებას და ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს გაეროს ტრიბუნიდანაც გააკრიტიკა. ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის გახსნაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ კანონი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციისათვის.
სესიაში მონაწილეობით ოფიციალურად დაიწყო სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის ფარგლებშიც, პრეზიდენტი ჰარვარდის კლუბსაც ეწვევა და იქ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებს.
"ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.
ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.
აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.