logo
ENG



ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

27 მარ 202420:31
3 წუთის საკითხავი
 
ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიების თანახმად, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ე.წ. ბანანზე, გართობის მიზნით 4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს. კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით "ბანანი" ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.

პრომკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.

რაც შეეხება კატართაზე მყოფ კიდევ ორ პირს, მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.


close დახურვა