logo
ENG



თავდაცვა: ოფიცრების პირადი საქმეები არა ჩვენთან, არამედ რაიონების კომისარიატებში ინახება

09 აგვ 202216:44
3 წუთის საკითხავი
 
თავდაცვა: ოფიცრების პირადი საქმეები არა ჩვენთან, არამედ რაიონების კომისარიატებში ინახება

თავდაცვის სამინისტრო მიხეილ ქამხაძის საქმეზე აცხადებს, რომ ყოფილი ჯარისკაცის პირადი საქმე, რომელიც რუსების ხელში აღმოჩნდა, არა მათ არქივში, არამედ რაიონის კომისარიატში ინახებოდა. 

უწყება ამტკიცებს, რომ ინფორმაცია მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის თავდაცვის სამინისტროს არქივიდან გატანის შესახებ სიცრუეა. 

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოიძებენ, არის თუ არა გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე. 

"სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად, შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს". - აცხადებს უწყება. 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 28 ივლისს გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. 

მათ შორის არის ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ NATO-ს სტანდარტების შესაბამისად წვრთნიდა. 

რუსები უკრაინაში შეჭრის დღიდან ავრცელებენ სიცრუეს, რომ ყველა არაუკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, დაქირავებული ტერორისტია.  

ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს. 

თავად ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი პირადი საქმე 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს სატანკო ქარხანაში მიიტანა, არ გაუტანია და დოკუმენტები იქვე უნდა ყოფილიყო დაცული.


close დახურვა