მას შემდეგ, რაც აქტიურად განიხილება ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების საკითხი, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყეს.
ამას უწყება "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის. მათი თქმით, განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს ჯორჯიან ეარვეისს შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
"აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს ჯორჯიან ეარვეისთან გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი", - ამბობენ უწყებაში.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.
12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
მისი თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.