logo
ENG



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პარლამენტში ლილუაშვილს არ მოიწვევს

14 თებ 202217:43
3 წუთის საკითხავი
 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პარლამენტში ლილუაშვილს არ მოიწვევს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კომიტეტში მოწვევას არ აპირებს.

ქოლ-ცენტრების საქმეზე კომიტეტში ლილუაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბარებდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი ლილუაშვილის დაბარების საჭიროებას "ვერ ხედავს". 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე. 

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია უპასუხისმგებლო და დესტრუქციული სუბიექტებისგან, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების მორყევა და ამ მიზნით უსაფრთხოების სამსახურის, მისი უფროსის და პირადი შემადგენლობის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტში ამტკიცებენ, რომ " ეს არის ქვეყნისა და სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის სერიის გაგრძელება. 

"განსაკუთრებით ყურადსაღებია, ამ სუბიექტების გააქტიურება უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაურესების ფონზე, რაც პირდაპირ შედის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და ინსტიტუტების რეპუტაციული დაზიანების მცდელობით.

ჩვენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას. სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის  და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით.  სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს",  - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალურ მოძრაობას გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმა ქოლ ცენტრების საქმეზე სურს - თაღლითურ სქემებზე სიუჟეტები ფორმულამ და მთავარმა არხმა 2021 წლის დეკემბერში მოამზადეს, 2022 წლის 3 თებერვალს კი პროკურატურამ 6 ადამიანი დააკავა. 

პროკურატურის 3 თებერვლის განცხადებით, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, მათ ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრებიოპერატორებად კი უცხო ენის მცოდნე ადამიანები დაასაქმეს. 

ფორმულას და მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემებს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. 


close დახურვა