"თავისუფალი ინსტიტუტი" მმართველი გუნდის ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.
ორგანიზაციის წევრებმა ივანიშვილის დისერტაცია მოიპოვეს და შეისწავლეს. "თავისუფალმა ინსტიტუტმა" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა და თხოვა შეისწავლოს ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ჩამოერთას.
„თავისუფალმა ინსტიტუტმა“ მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია გასული წლის ნოემბერში. ამის შედეგ დისერტაცია გადაიგზავნა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც დარგის სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. ამ ჯგუფის დასკვნა არის ასეთი - ივანიშვილის დისერტაცია, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად არ შეესაბამება მინიმალურ აკადემიურ სტანდარტებსაც კი. გვაქვს ეჭვი, რომ ნაწერი შეიცავს პლაგიატს. კერძოდ, საეჭვოდ ემთხვევა ევგენი ნოვოშილოვის სადისერტაციო ნაშრომს, რომელმაც დისერტაცია დაიცვა 2 წლით ადრე", - განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.