logo
ENG



თალაკვაძე: EU-ს კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ

15 აპრ 202214:59
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: EU-ს კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დამალოს". თალაკვაძის მტკიცებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მმართველილ გუნდი კითხვარის შინაარს მალავს. 

"კითხვარი ყველა იმ ინსტიტუტს, ორგანიზაციასა და ადამიანს მიეწოდება, ვინც პასუხისმგებელი და მოვალეა, კითხვარში მოცემულ საკითხებზე ინფორმაცია შეკრიბოს, დაამუშაოს და მიაწოდოს. მათ შორის არის პარლამენტი და პარლამენტის კომიტეტები. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, რადიკალური ოპოზიციის სიცრუეა.

კითხვარი სამი ბლოკისგან შედგება. ეს არის პოლიტიკური ბლოკი, სადაც კითხვები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტს, მთავრობას, სამინისტროებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს.

მეორეა სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი, სადაც კითხვები მოცემულია ექსპორტ-იმპორტთან, ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკასთან, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებით.

მესამე ბლოკი სექტორული ბლოკია - იქნება ეს სოციალური სისტემა, კულტურის დაცვის სფერო, სპორტის მიმართულება თუ სხვა", - განაცხადა თალაკვაძემ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება ოპოზიციამ და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტი გასაჯაროვდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის" - ამბობს ილია დარჩიაშვილი. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 

 


close დახურვა