logo
ENG



თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

25 თებ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ურჩევს, "დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში".

"ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც აირჩია საზოგადოების ნაწილმა, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, ჩვენ გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს", - თქვა თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, პარლამენტში მხარეები შეძლებენ, მთავარ საკითხებზე შეთანხმებას.

"ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ვფიქრობ, პარლამენტში ჩვენ შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, რადგან "პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა".

ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა