პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არიან, საერთო სასამართლოების შესახებ პირველ აპრილს დამტკიცებული კანონი, საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნონ. როგორც თალაკვაძე წერს, ამით მხედველობაში იღებენ პარტნიორების მოწოდებებს.
"კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნო", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
თალაკვაძე განმარტავს, რომ ერთი კვირის წინ მიღებული ცვლილებებით კანონში აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:
"1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;
2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს, როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;
3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით".
გუშინ, 7 აპრილს ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პირობაა უზენაესის საკითხის რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყვეტა.
ევროკავშირმა იმედგაცრუება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო.
ასევე, ბლოკმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად.