logo
ENG



თალიბანი მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩავიდა

21 ოქტ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 

თალიბანის მოძრაობამ, რომელიც ახლა ავღანეთს მართავს, რუსეთში მოლაპარაკებები გამართა. კონსულტაციებში აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ და მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უძღვებოდა.

თალიბანი რუსეთში აკრძალული ორგანიზაციაა და მას ტერორისტული დაჯგუფების სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს მათი პირველი ვიზიტია მოსკოვში მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

კრემლში აცხადებენ, რომ თალიბებთან კონტაქტის სურვილი იმითაა განპირობებული, რომ გაიგონ ავღანეთში არსებული სიტუაცია და მათი განზრახვები. პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, თუმცაღა თალიბანი რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არაა, "დე ფაქტოდ თალიბანი ავღანეთის ხელმძღვანელობაა".

როგორც BBC-ის მოსკოვის ბიურო წერს, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენდა და მან თალიბებს "პატივსაცემი დელეგაცია" უწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ თალიბანის მოძრაობას - და ამაზე ვესაუბრე პატივსაცემ დელეგაციას - მკაცრად დაიცვან ხაზი, რათა ავღანეთის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ვინმეს მიერ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, პირველ რიგში, უშუალოდ მეზობლების, ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ", - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის დასაწყისში.

ავღანეთის დელეგაციის წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ამირ ჰან მუტაკმა განაცხადა, რომ თალიბანმა ყველა წინაპირობა შეასრულა, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ის ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ეღიარებინა. მისივე თქმით, ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობს, ამასთან, მთავრობის შემადგენლობაც დროებითია და მისი ცვლილება იგეგმება.


close დახურვა