ენმ - ძალა ერთობაშიას სიით არჩეულმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიასთან შესვლაზე ნებართვის თხოვნით მიმართა.
როგორც მან გადაცემა კომენტარში განაცხადა, მელიასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და მის პოზიციას მოისმენს.
"მე გავაგზავნე დღეს თხოვნა და ვფიქრობ, რომ შევალ ნიკა მელიასთან, დაველაპარაკები, მოვისმენ მის აზრს და გავუზიარებ ჩემს აზრს. პირველ რიგში, მე მაინტერესებს როგორც გრძნობს თავს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელმაც ბევრი დადო ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ფიზიკურად როგორ გრძნობს თავს, ადამიანურად და შემდეგ სხვა საკითხები, მათ შორის, როგორ ხედავს თუნდაც მომავალ განვითარებას პროცესების", - თქვა კორძაიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თამარ კორძაიამ თქვა, რომ კახა კუჭავას უარის თქმის საფუძველი არ აქვს.
"ფორმალურად, მას უარის თქმის საფუძველი არ აქვს, ამიტომ არ მგონია, რომ უარი გვითხრას. ყოველ შემთხვევაში უხერხული იქნება მისთვის, ადამიანი უკვე გამოშვებული უნდა ჰყავდეს პარლამენტს და შეშვებითაც თუ არ უშვებს პარლამენტის წევრებს, რა პასუხი ექნება საზოგადოებასთან. თუმცა, მათ ეს არ აწუხებთ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარტიების ნაწილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.
ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება.