თბილისის მერიის ცნობით, კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 9-10 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება იზღუდება.
ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერის ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.
მერიის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები N301, N311, N334, N358, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.