თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის, რიტა ზურაბიშვილის ჩვენების მიხედვით, მისი შვილიშვილი ჩაკეტილი ადამიანი იყო და თავის ემოციებზე არ საუბრობდა.
როგორც ზურაბიშვილი თავის ჩვენებაში ამბობს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბაჩალიაშვილი დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა სხვა დეტალებზე ის ინფორმაციას არ ფლობდა.
ჩვენების თანახმად, ბაჩალიაშვილი ამზადებდა პროექტს, მაგრამ რა ტიპის პროექტზეა საუბარი, გარდაცვლილის ბებიისთვის უცნობია.
"თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს", - წერია რიტა ზურაბიშვილის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.
პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. ასევე, 4 სექტემბერს უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს.