„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ. ისინი ამბობენ, რომ პრემიერმა სახელმწიფოს სუვერენული მმართველობის მიღმა დატოვა ეკლესია და მასთან დაპირისპირებას ვერ ბედავს.
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება შეიძლება ითქვას, რომ არის ღია და დემონსტრაციული უარი საკუთარ სუვერენულობაზე. მან საპატრიარქო კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის მიღმა დააყენა და მის წინაშე სახელმწიფოს სრული უძლურობა, დაქვემდებარება აჩვენა. პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელი სახელმწიფო ვართ, გარდა იმისა რომ აცდენილია კონსტიტუციურ მოწყობას და ჩანაწერებს, ის ამავდროულად საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს. ერთის მხრივ აშკარაა, რომ ანტისოციალურ სუსტ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ლეგიტიმურობა და საზოგადოების მხარდაჭერა რომ მან საპატრიარქოსთან პირისპირ შეძლოს უფრო მაღალი საზოგადოებრივი და სოციალური ინტერესების გატანა, ამიტომ ისედაც წყალ-წყალა ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ჩანს რომ ძალიან მაღალ საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესებს თმობს“, - განაცხადა EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამების დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.