logo
ENG



თანადაფინანსება - მთავრობის ახალი გეგმა უცხოელი ინვესტიციების მოსაზიდად

19 ნოე 202013:17
3 წუთის საკითხავი
clock 1433
2020/11/19/h87nargmwhmtxqh.jpg

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აუწყა, რომ მთავრობამ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი დაამტკიცა.

მექანიზმი "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში იმ უცხოელი ინვესტორების თანადაფინანსებას გულისხმობს, რომლებიც ქვეყანაში 10 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების და 150 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

თურნავას თქმით, ვალდებულების შესრულების კვალობაზე ინვესტორებზე 1 მილიონი ლარის ოდენობის FDI გრანტი გაიცემა, რაც ძირითადად ადგილობრივი პერსონალის მომზადებისა და გადამზადების მიზნით დაიხარჯება, ისევე როგორც, იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც ინვესტორს ადგილზე წარმოების წამოწყების, ან უცხოური წარმოების გადმოტანის დროს შეიძლება დასჭირდეს. 

თურნავა ამბობს, რომ გრანტები ძირითადად მძიმე მრეწველობის დარგებზეა გათვლილი. 

"შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომლებიც შეეხება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და ასევე ვთვლით, რომ მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. კერძოდ, ეს არის: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, ლოჯისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და რამდენიმე სხვა დარგი", - ამბობს თურნავა. 

პროექტი, თურნავას მტკიცებით, ქვეყანას საინვესტიციო თვალსაზრისით მეტად მიმზიდველს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი მიმომხილველები უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობას და მსხვილი ამერიკული კომპანიების მიმართ სამართლებრივი დავების წამოწყებას ასახელებენ, თურნავა დარწმუნებულია, რომ ამ პროექტით შეუძლია უცხოელი ინვესტორების დაარწმუნოს, რომ საქართველო კვლავ მიმზიდველი ბაზარია რეგიონში. 

"ეს დამატებითი კომპონენტია, რომელიც დადებითად იმუშავებს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის: დაბალი გადასახადები, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ბიუროკრატია, არაკორუფციული გარემო და ეს კიდევ ერთი დამატებითი ფინანსური მექანიზმია, რითიც ჩვენ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო არის კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი ჩვენს რეგიონში", - ამბობს თურნავა. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის ორჯერ არის შემცირებული. ფრონტერას, ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტის გარშემო მიმდინარე დავების პარალელურად, აშშ-ის არაერთმა სენატორმა, ისევე როგორც, დარგის ექსპერტებმა ხელისუფლებას წერილიც კი მოსწერა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად სწორედ ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევებაა დასახელებული. 

მაგალითისთვის, პომპეოს ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და დიპლომატი კურტ უოლკერი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური შანსების შესახებ წერდა

"ინვესტორები უფრთხიან საქართველოში გრძელვადიანი საქმიანობის წამოწყებას. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ არსებობს აღქმა, რომ მართლმსაჯულება და საინვესტიციო კლიმატი შეიძლება პოლიტიკურ წნეხსა და ზეწოლას დაექვემდებაროს". 

უოლკერს მაგალითებად ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტების შეჩერება მოჰყავს, რაც, მისი შეფასებით, ინვესტორებისთვის სახიფათო სიგნალია. 

პოლიტიკის გავლენიანი მიმომხილველისა და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის ტომ როგანის ბოლო სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბიზნესწრეებს ხელისუფლების ერთგულება მოეთხოვებათ, თავად ბიზნესის კეთება კი მხოლოდ ძალაუფლების მქონე პირებთან შეთანხმებით არის შესაძლებელი.

"საქართველო უფრო და უფრო მეტად ემსგავსება რიგით პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ადგილს, სადაც ბიზნესს ძალაუფლების მქონეთა მიმართ ერთგულება და ბიზნესის მხოლოდ მათთან ერთად კეთება მოეთხოვება", - წერს როგანი

საინვესტიციო კლიმატისა და შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ მსგავსი საერთაშორისო აღქმების მიუხედავად, თურნავას სჯერა, რომ თანადაფინანსების პროექტი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის. მთავრობის ახალი "მექანიზმი", მისი შეფასებით, "მაქსიმალურად მოიზიდავს" უცხოელ ინვესტორებს და მათ საქმის წამოწყებას სწორედ ჩვენს ქვეყანაში გადააწყვეტინებს. 

 


close დახურვა