logo
ENG



თარგამაძე სანაიას თავდასხმაზე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

25 თებ 202116:46
3 წუთის საკითხავი
 
თარგამაძე სანაიას თავდასხმაზე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

როგორც თარგამაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ხელისუფლება წლების განმავლობაში არის აგრესიის წყარო და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. 

"სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც წლების განმავლობაში ახდენს კულტივირებას და თავად წარმოადგენს აგრესიის წყაროს, გაუტანლობის, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების და უპირველეს ყოვლისა, მათ შორის არა მარტო თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ ყველა განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანთან უკიდურესად მიუღებელი აგრესიული დაპირისპირების. სიტყვები - "ზონდერები", "თქვენ ვის დაკარგვიხართ", ძველბიჭობა ჟურნალისტებთან, ვისთანაც გასდით კი არა, ყველასთან გასდით...

ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან ერთი ვიწრო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებმაც ფსკერი ამოაყირავეს ზედაპირზე ქართული საზოგადოების, რომლებმაც ყველაფერი, რაც მიუღებელი უნდა იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული, ქართული ღირებულებების მატარებელი საზოგადოებისთვის უარყვეს, ზურგი შეაქციეს და პირიქით ბინძური, უხეში და ყოვლად მიუღებელი რუსული პროპაგანდის მეთოდები გამოიყენეს. ეს მეთოდები აისახება ზუსტად იმაზე, რასაც ვხედავთ",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა