logo
ENG



თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ექიმი: არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს

05 აგვ 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 2498
ia0ahr7ek2zyo2g.jpg

გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ექიმი მაგდა ხოჭოლავა განცხადებას ავრცელებს. ის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიღებს.

ანესთეზიოლოგი ქვეყნის განზრახ დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აკეთებს განმარტებას და წერს, რომ 25 წელზე მეტია ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწევა. ბოლო 15 წელი კი იტალიაში ცხოვრობს, რის გამოც [გამოძიებისას] საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა სიმართლის დადგენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან და მომავალშიც მზად არის თანამშრომლობისთვის.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არყოფნა.

შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - წერს მაგდა ხოჭოლავა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს Facebook გვერდზე.

დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.


close დახურვა