logo
ENG



თბილისის კათოლიკურ კათედრალში საშობაო წირვა კომენდანტის საათამდე დაიწყო

24 დეკ 202018:13
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/8fr8gip926x8gxi.jpg

მარიამის ზეცად აყვანების ტაძარში კათოლიკე ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო საშობაო ლიტურგიას აღასრულებს. 

თუმცა წელს ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსს ღვთისმსახურების ჩატარება არატრადიციულ ვითარებაში უწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბერს ამოქმედებული გადაადგილების შეზღუდვის გამო მღვდელმთავარი, ისევე როგორც, კათოლიკე მრევლი იძულებულია ტრადიციულ ღამისთევაზე უარი თქვას და მსახურება 21:00 საათამდე დაასრულოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაადგილების შეზღუდვაზე 7 იანვრის ღამეს გამონაკლისი დაუშვა, არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებს ეს პრივილეგია არ ხვდათ წილად. 

როგორც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, კრიტიკოსთა შეფასებით დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს მრავალრიცხოვნობამ განაპირობა. 

რელიგიურ უმცირესობებს კი მთავრობამ ინდივიდუალური საშვების გაცემა შესთავაზა, სამრევლოსა და მღვდელმსახურების პერსონალური ინფორმაციების სახელმწიფოსთვის გადაცემის სანაცვლოდ. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), რომელიც წლებია რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობს, მთავრობის გადაწყვეტილება სახიფათოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. 

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მოქალაქის მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არადომინანტ კონფესიებს შეეხებათ. 

"ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები", - განაცხადეს TDI-ში. 

თავად კათოლიკე ეკლესიამ ხელისუფლების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა კათოლიკურ ტაძარში საშობაო მსახურება 18:00 საათზე დანიშნა. 

საქართველოს არადომინანტი რელიგიური ჯგუფები და მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი უმრავლესობა ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. 

 

 

 


close დახურვა