logo
ENG



თბილისის მერია 3-დღიან მუსიკალურ ფესტივალს აწყობს

14 სექ 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
d4e7mtzzphrxydi.jpg

თბილისის მერია ქართული მუსიკის 3-დღიან ფესტივალს "მუსსკივრი" აწყობს. ღონისძიების ანონსი Facebook-ით გავრცელდა. 

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი 14, 15, 16 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. 

"ფესტივალი სამდღიანია და ყოველი დღე ძალიან საინტერესოდ არის დატვირთული. საღამოები იქნება გაჯერებული ქართული უკვდავი მელოდიებით. ჩვენი სურვილი და მიზანია,ქართული მუსიკის მაქსიმალური პოპულარიზაცია", - წერია ანონსში. 

ფესტივალის ავტორები ბაკურ ბაკურაძე და ქეთი გაბისიანი არიან. მათივე ინფორმაციით, "მუსსკივრი" 2020 წელს დაფუძნდა და წელს მისი პრეზენტაცია უნდა შედგეს. 

როგორც ფორმულას თბილისის მერიაში განუცხადეს, ღონისძიება 150 ადამიანზეა გათვლილი და დასწრება ბილეთების საფუძველზე მოხდება. მათივე თქმით, ორგანიზატორებმა წესების დაცვის შესაბამისი ინსტრუქციაც მიიღეს. 

"ეს ღონისძიება ტარდება, მაგრამ შესვლა იქნება ბილეთებით. შესასვლელში იქნება დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, მსმენელს და მაყურებელს დაურიგდება პირბადეები. ადგილი გათვლილია 150 მაყურებელზე და ამდენივე სკამია 2-მეტრიანი დისტანციით. ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქცია, როგორ დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. 

ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 108 აჭარაშია. 


close დახურვა