თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს 4 პაციენტის გაწერა იგეგმება. მათგან 2 თვითიზოლაციაში წავა, 2-ს კი კარანტინის ვადა უკვე გაუვიდა. ამ დროისათვის კლინიკაში 38 პაციენტი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 24 საათში საკარანტინო ზონაში 18 ადამიანი მოთავსდა, აქედან ყველაზე მცირეწლოვანი არის წლინახევრის ბავშვი, რომელსაც აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად შემოვიდა. საზღვრის კვეთისას მათ დაუფიქსირდათ მცირე ტემპერატურა, ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებებლი, მას აღარ აღენიშნება ტემპერატურა, თუმცა ტემპერატურა აღენიშნება მისი ოჯახის წევრს.
„დღე-ღამის განმავლობაში მივიღეთ ადამიანები, რომლებიც გადმოკვეთეს საზღვარი განსაზღვრული ქვეყნებიდან და ყველანი გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის ჩვენთანაც, მარტო 4 ადამიანს აქვს ცხელება და ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, როგორც ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, ინფექციურში 6 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მათი პასუხები ტესტზე უარყოფითია. მისივე თქმით, ის დღის განმავლობაში პაციენტების მატებას ელოდება.
„ჩვენ გვყავს 4 პაციენტი, რომლებსაც დღის განმავლობაში სპეციალური გამოკვლევა გაუკეთდებათ, მეხუთე პაციენტის ბედს ეპიდემიოლოგები წყვეტენ, რამდენად აუცილებელია აღება, ალბათ დღის განმავლობაში მოსალოდნელია რომ დაემატოს და ასევე, დღის ბოლომდე მოხდება მათი ანალიზების აღება. 6 პაციენტი გვყავს, რომელიც დაკვირვების ფაზაში იმყოფება, მათი პასუხები უარყოფითია, მაგრამ მათი რესპირატორული მდგომარეობიდან გამომდინარე მათი კარანტინის ზონაში გადაყვანა არ შეიძლება, სანამ არ გამოჯანმრთელდებიან“, - განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 6 საკარანტინო სივრცე არის მოწყობილი, ამ მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 439 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.