თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას გამოკითხვა დაიწყო მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება, იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.
თავად გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი მოტივატორი არის შემქნილი პოლიტიკური კრიზისი და არა რაიმე კრიმინალური საქმე.
„ზოგადად უშიშროების საბჭოს საქმეების ნაწილი იყო გრიფით საიდუმლო, უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას და უნდა ყოფილიყო კიდეც საიდუმლო. მაგრამ ეს არის ილუზია, რომ ამ მეთოდებით ჩაახშობენ უკმაყოფილებას და განმუხტავენ პოლიტიკურ კრიზისს. ეს რომელიმე ფიგურის ან პარტიის საკითხი კი არ არის, ეს არის საზოგადოების აღშფოთება მმართველობისადმი და პოლიტიკოსების დაბარებები და გამოკითხვები მას ვერ ჩაახშობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პროკურორი ბექა კვიციანი, ვინც ამ საქმეზე მუშაობს, აცხადებს, რომ საქმე მოცულობითია და ეს დრო იყო საჭირო სრულყოფილად შესწავლისთვის.
საქმე არის მოცულობითი და მიმდინარეობს გამოძიება. დადგა მისი გამოკითხვის საჭიროება და დაიკითხება კიდევ ბევრი ადამიანი. კონკრეტულად ვინ დაიკითხება, ვერ გეტყვით, რადგან მას გრიფი ადევს“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.
გამოძიება 2014 წელს დაიწყო და ეხება გიგა ბოკერიას საქმიანობას უშიშროების საბჭოში. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.