სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას კი პატიმრობა შეეფარდათ.
მაგდა ხოჭოლავა ამ ეტაპისთვის საქართველოში არ იმყოფება. მისი ძებნა ინტერპოლით დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა , რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.