logo
ENG



თბილსერვისის თანამშრომელი ამბობს, რომ გამოთქმული პროტესტის გამო ფულადი ჯილდო არ ჩაურიცხეს

28 აგვ 202118:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილსერვისის თანამშრომელი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობისა და სამსახურიდან გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძისადმი სოლიდარობის გამო მერიამ ის ფულადი ჯილდო არ ჩაურიცხა, რაც ყველა მომუშავემ მიიღო.

ალბერტ სარქისიანის თქმით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მის ყველა თანამშრომელსს ორასლარიანი ფულადი ჯილდო ჩაერიცხა, თავად კი ჯილდო არ მიუღია.

სარქისიანი ამბობს, რომ ეს მასზე ერთგვარი ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობაა მას შემდეგ, რაც თავადაც ისაუბრა დასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემებზე.

„მთელ დასუფთავებაში 200-200 ლარი გაიცა პრემიები, ჩემ გარდა. იკასთან ერთად გადაღებაზე ვიყავი და აქციაში თანამშრომლებთან ერთად. სხვას არავის შეეხო. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გამაგდებენ. მე ირაკლი ბაღდავაძის გვერდით ვარ", - ამბობს სარქისიანი.

ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მეექვსე დღეა, შიმშილობს. მისი თქმით, ის დასუფთავების სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა.

 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში - 6 და 7 აგვისტოს გაფიცულები იყვნენ. 

გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ. 

ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. 

ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. 

მერია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ტექნიკა ახალშეძენილია, ხელფასები კი მომატებულია და საკითხი იანვრიდან ისევ გადაიხედება. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, თუმცა, წელს ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც, მისი თქმით, უკვე მოგვარებულია.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისერვისის ზოგიერთ გაფიცულ თანამშრომელს "კრიმინალიც" უწოდა.

ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ხმამაღლა აკრიტიკებდა ხელისუფლებას. რამდენიმე დღის წინ კი მთავარი არხის ეთერში ისაუბრა სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე - ბაღდავაძემ თქვა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. 

ასევე, 19 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თანამშრომლები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ვიდეოს სწორედ დავით გელოვანი იღებდა. 

 

 


close დახურვა