ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით Georgian Airways-მა დამატებითი რეისი ჩანიშნა.
ფრენა 11 ოქტომბერს შესრულდება. ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას მიერ გავრცელებული "სქრინის" მიხედვით, ბილეთის ფასი 120 დოლარიდან იწყება, თუმცა Georgian Airways-ის ვებ გვერდზე, 11 ოქტომბრის რეისზე ამ დროისთვის ბილეთები გაყიდულია.
"ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა "საქართველოს ავიახაზების" დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც"- წერს ჟვანია.
***
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.