ინფექციური საავადმყოფოში ამჟამად კლინიკაში 35 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 16 ახალია - ინფორმაციას საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. ცერცვაძის განცხადებით, ახალი პაციენტების გამოკვლევების პასუხები კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.
"იყო 20 პაციენტი, რომელთა ტესტები გუშინ იყო გაგზავნილი, ყველა უარყოფითია. 10 პაციენტი ამ 20 უარყოფითი შედეგიდან საკარანტინო სივრცეში არაინ გადაყვანილი. 10 პაციენტი ჯერ ჩვენთან რჩება მაგრამ ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ სამ პაციენტს, ცერცვაძე განმარტავს, რომ ისინი ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს არ საჭიროებენ.
„კვლავინდებურად სამი ინფიცირებული გვყავს, ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლიტურად არავითარი სიმპტომები არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც მსუბუქი. მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37 და 37,1, ასევე მცირე ხველა. კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტი ამ ეტაპზე არ საჭიროებენ ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, იმყოფებიან მხოლოდ დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გარდა ამისა, დღეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი ირანის იმ ორი მოქალაქის დნმ-ს სინჯების პასუხი, რომლებიც ხაშურიდან გორის ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ეპიდემიოლოგებს ჩინელ ექსპერტებთან ტელეხიდი ჰქონდათ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ჩინელმა ექსპერტებმა საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიბები დადებითად შეაფასეს.
ბოლო ინფორმაციით სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 120-მდე პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.