logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს

23 მაი 202015:45
3 წუთის საკითხავი
 
vj6fynb7yinkqwa.jpeg

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ეხმაურება, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უსაფუძვლოა. როგორც ცერცვაძემ განცხადებაში აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოვლენა საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ ხდება.

ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან და სხვა ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

რაც შეეხება -ნი ტოროსიანის კითხვებს, გავნმარტავთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად, PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადეკვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებსCOVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

ჩვენ ვეპატიჟებით - არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“, - წერია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.


close დახურვა