ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, ვირუსი დაფიქსირებულია ორ ჯგუფში, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იტალიაში მოგზაურობდნენ.
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდა მოსალოდნელია.
„ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. მათ იცოდნენ, რომ მათი გუნდის წევრი იყო ინფიცირებული ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ თვითიზოლაციის პირობებს იცავდნენ. ახლა მათ კონტაქტებს იკვლევენ. კარგი არის ის, რომ ჯერ ინფექციების შიდა გადაცემები არის მინიმალური, სულ 4 შემთხვევაა ასეთი. ამ 23 პაციენტიდან დანარჩენი ყველა დაინფიცირდა ქვეყნის გარეთ. ძალიან ძნელია უკვე როდესაც ეპიდემია გავრცელდა მთელ მსოფლიოში, იმის თქმა რომ ყველა არის მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ შეძლებისამებრ ვცდილობთ რომ ასე იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ინფექციურში მყოფ პაციენტებს, მისი თქმით, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რამოდენიმესი საშუალო სიმძიმის, ხოლო უმეტესობის - მსუბუქი.
შეგახსენებთ, საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.