საპატრიარქო მთავრობას აშანტაჟებს - ასეთ განცხადებას ავრცელებენ თეოლოგები და რადიკალურ ნაბიჯზე მიდიან, - ისინი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიმართავენ თხოვნით, გავლენა მოახდინონ საქართველოს ეკლესიაზე, იმისთვის, რომ ათასობით მოქალაქის სიკვდილი თავიდან ავიცილოთ. მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქო ავტორიტარული და ფანატიკური მიდგომებით ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს აღიარეს, რომ ბზობას კანონი დაირღვა, თუმცა დამრღვევი გამოვლენილი არ არის. მღვდელმთავრები პატრიარქის კურთხევას ელოდებიან.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი საპატრიარქოში შეხვედრაზე დასასწრებად დღეს არ ჩამოსულა. მეუფე გერასიმე შარაშენიძე განმარტავს, რომ სააღდგომო წირვა მთელ საქართველოში მრევლის თანდასწრებით შესრულდება.
შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის სასულიერო პირების ნაწილი ესწრებოდა - დღეს საპატრიარქოში გაიმართა. კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე სინოდის წევრები ერთიან პოზიციაზე შეჯერებას ცდილობენ.
პოლიტიკოსთა ნაწილი პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე ხელისუფლებას აკისრებს.
გიორგი ტიგინაშვილი არის ერთ-ერთი იმ თეოლოგთაგან, რომლებმაც მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო ვერ აცნობიერებს კარს მომდგარ საფრთხეს და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
თეოლოგების მიერ გავრცელებულ წერილში ასევე წერია, რომ საპატრიარქო ხელს უშლის მთავრობას განახორციელოს თავისი ფუნქციები. ეკლესიის გარშემო არსებულ მსჯელობას დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრიც.
რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო წირვა - საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია დიდი ხუთშაბათის მერე გახდება ცნობილი. როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია და - ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფლების წევრებს აქვთ.