logo
ENG



თეონა თამაზაშვილი: გაასაჯაროოს პროკურატურამ, რა მისწერა FBI-ს, არ ვენდობი პროკურატურას

03 სექ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, FBI-მ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართულმა საგამოძიებო უწყებებმა გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაუსახელეს.

მისი განცხადებით, პროკურატურამ ის წერილი უნდა გაასაჯაროოს, რომელიც FBI-ს საქმეში ჩართვის მოთხოვნით მისწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუმყარდება ეჭვი, რომ საქმეში მაღალჩინოსნების ხელი ურევია.

"რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი უნდა ყოფილიყო. წერილი საჯარო არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ზუსტად მაღალჩინოსნები არიან ჩარეული და არ უნდათ გამოძიება. FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც მათ უარი განაცხადეს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე. მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს და რა ეწერა იმ წერილში.

კიდევ ერთხელ მოვტყუვდი... მაგრამ მოსალოდნელიც იყო, რომ უწყებები ერთმანეთს არ გაწირავდნენ. ვნახოთ რა იქნება შემდეგში. არ ვენდობი არც ექსპერტს, არც პროკურატურას, არც გამოძიებას და არც არავის", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველი შთაბეჭდილებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და დიდი რაოდენობით მასალაა მოპოვებული.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ოჯახი ითხოვს. გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს FBI-ის ჩართვა არ უნდა, რადგან საქმეში "მათი ხელი ურევია".

მისივე განცხადებით, თუ FBI ჩამოვა და დაუდებს დასკვნას, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაიჯერებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა