logo
ENG



თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგში შსს ჩაერთვება - ამირან გამყრელიძე

10 მარ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა და ქვეყანასა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გაუარესება შეინიშნება დასავლეთის ქვეყნებში.

„ჩინეთში ეპიდსიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება, მცირდება შემთხვევები - სამწუხაროდ უარესდება ჩინეთს გარეთ. ინფექცია გავრცელებულია 115 ქვეყანაში - წინ გადაინაცვლა იტალიამ, შემდეგია სამხრეთ კორეა, ირანი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, აშშ, შვეიცარია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ა.შ. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ სრულად არ დაწყნარდა. ჯერ-ჯერობით შემთხვევათა რაოდენობა ჩინეთს გარეთ იმატებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვა სრულად ექვემდებარება კონტროლს და ამ ეტაპზე დადასტურებულია 15 შემთხვევა.

„საქართველოში დღევანდელი მონაცემებით გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა კვლევას და ყველა გატესტილია - დადასტურებულია 15 შემთხვევა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი არის 23 ნიმუში, კარანტინშია178 ადამიანი, თვითიზოლაციაში 21 თებერვლიდან 1108 ადამიანია - ეს წარმოადგენს ერთერთ პრობლემას, მათი მონიტორინგი. ამ კომპონენტში მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება პოლიციის მხარდაჭერა, რომ მოხდეს მათი კონტროლი. მათ მოვუწოდებთ, არ დაარღვიონ კარანტინი და თვითიზოლაცია, ეს დაკავშირებულია საზოგადოების და მათ უსაფრთხოებასთან", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ კვლავ ისაუბრა რეკომენდაციების შესახებ და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული რეკომენდაციის დაცვა. 

„რაც შეეხება რეკომენდაციებს - რჩება ძალაში ის, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. ვთხოვთ, შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები - არა მარტო ჩინეთში, იტალიასა და ირანში, არამედ ყველგან. დასავლეთ ევროპაში, მაგალითად, სიტუაცია იძაბება. მეორე რეკომენდაციაა, რომ ჩამოსული ადამიანები ოთხი მთავარი ქვეყნიდან უნდა მოთავსდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. თუ საზღვარზე აქვთ სიმპტომები, აუცილებლად გაამჟღავნონ სკრინინგის დროს და ისინი გადაყვანილნი იქნებიან საავადმყოფოში კვლევებისთვის. მთავარი რეკომენდაცია - ამ პერიოდში და საერთოდაც პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა", - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა სეზონური გრიპების შესახებაც და განაცხადა, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია მატება, ამიტომაც რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მე მინდა მოგახსენოთ გუშინდელი მონაცემები გრიპთან დაკავშირებით - არ უნდა მოვდუნდეთ გრიპთან მიმართებაში, გვაქვს ამ ორი ინფექციის ზედდება - მარტის მეორე კვირაში გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპისა და მსგავსი დაავადებებით, ასევე მწვავე რესპირაციული დაავადებებით. ეს არის 2-4% მატება, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ მეორე ტალღა არ მივიღოთ გრიპისა. ამიტომ კორონაზე გაცემული რეკომენდაციები ეხება გრიპის ვირუსსაც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა