logo
ENG



თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანეს

16 მარ 202016:48
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი. ამ დროისთვის საკარანტინო ზონებში, იძულების წესით ჯამში 55 ადამიანია მოთავსებული.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი, 54.


close დახურვა