logo
ENG



თვითმხილველი ფორმულასთან ჰყვება, რომ პოლიციამ ლაშა ჟღენტის დაკავებისას მის ბებიაზეც იძალადა

21 ივლ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 

20 ივლისს ლაშა ჟღენტის მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალადობის თვითმხილველი ელენე ადამია ფორმულასთან ჰყვება, რომ პოლიციელებმა ჟღენტის დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მის ბებიასაც მიაყენეს.

ადამია ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნახა, როგორ ჩატენეს პოლიციელებმა ლაშა ჟღენტი მანქანაში და ფაქტობრივად, ურტყამდნენ ხანდაზმულ ქალს, რომელიც ახალგაზრდა კაცს ხელს არ უშვებდა.

"დამხვდა პოლიციის მანქანა აქ, უკვე ვიღაც ბიჭი იყო ჩატენილი მანქანაში. ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და პოლიციელები ამ ბებიას ფაქტობრივად, ურტყამდნენ. ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო ვინც ბებიას ურტყამდა. ბებია ხელს რომ არ უშვებდა ბიჭს მანქანა დაქოქეს და ასე მიჰყავდათ, არ ვიცი რას უპირებდნენ ამ ბებიას, გატანას?" - განაცხადა ელენე ადამიამ.

შემთხვევის შესახებ ლაშა ჟღენტის ძმა, ლუკა ჟღენტიც ადასტურებს, რომ პოლიციელები აგრესიულები იყვნენ და ლაშა ჟღენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იგი ამბობს, რომ ადგილზე მივიდა მათი ბებიაც, რომელიც პოლიციელების შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც მანაც დაზიანებები მიიღო:

"ბებიაჩემი მოვიდა, არ ასმევინებდა ეგეც მანქანაში, კარებს არ ახურინებდა და დაძრეს მანქანა და ბებიაჩემი გააფორთხიალეს. დაზიანებები აქვს ბებიაჩემს" - თქვა ლუკა ჟღენტმა. 

შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას, რადგან უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. საგამოძიებო სამსახური განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

21 წლის ლაშა ჟღენტს, რომელიც ქუჩაში ჩხრეკის დროს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს. ახალგაზრდა კაცს სხეულზე დაზიანებები ეტყობა.

 

close დახურვა